სიახლეები

შეხვედრა ენგურის ტურისტული ცენტრის საპროექტო კომპანიასთან

17.01.2018

„ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი თორნიკე რიჟვაძე ენგურის ტურისტული ცენტრის საპროექტო სამუშაოების განმახორციელებელ კომპანია – „კოკო არქიტექტორების“ წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში „კოკო არქიტექტორებმა“ წარმოადგინეს შესრულებული საპროექტო სამუშაოები.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან შეხვედრისას განხილეს ენგურის ტურისტული კომპლექსის აღმოჩენათა ცენტრის პროექტი, მუზეუმოგრაფია, გადმოსახედი პლატფორმების და პანორამული ლიფტის საკითხები.

გარდა ზემოხსენებულისა, ამ დროისთვის კონსულტანტის მიერ შესრულებულია შემდეგი სამუშაოები: გენერალური გეგმა, ადმინისტრაციული შენობის ლაზერული სკანირება და შენობის სტრუქტურული კვლევა, ლანდშაფტის 3D მოდელი, ტოპოგრაფია, არსებული გზების მდგომარეობის კვლევა. ასევე, განხორციელებულია მცირე ზომის არქიტექტურული შენობების კვლევა, საინფორმაციო ნიშნების სქემა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ენგურის კაშხალზე გამგზავრება.

ენგურის ტურისტული ცენტრის საპროექტო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის განკარგულება #476-ის საფუძველზე 2017 წლის 5 აპრილს დააფუძნა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“, რომელიც ახორციელებს ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.