სიახლეები

ვაშინგტონში „ენგურის ტურისტულ ცენტრსა“ და „ჰუვერის კაშხლის“ საპარტნიორო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

19.06.2018

„ენგურის ტურისტული ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე ყაზარაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების მელიორაციის სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ჰუვერის კაშხალის ცენტრალურ ადმინისტრაციასა და ენგურჰესის ტურისტული ცენტრის მმართველ უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობას განსაზღვრავს.
ქართული დელეგაცია (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის, შ.პ.ს. ენგურჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიასა და შ.პ.ს. "ენგურის ტურისტული ცენტრის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილის შემადგენლობით) შეერთებულ შტატებში ამერიკელ კოლეგებთან მართავს შეხვედრებს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, ჰუვერის ადმინისტრაციასთან უკვე გამართეს საქმიანი შეხვედრები, სადაც ქართული მხარე ნევადის შტატში მდებარე ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურის მართვის გამოცდილებას გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 აპრილს სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ დააფუძნა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის # 476 განკარგულების თანახმად, კომპანიის მიზანს წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის განხორციელება.
ენგურჰესის ტურისტული ცენტრის პროექტირებას ესტონური კომპანია „კოკო არქიტექსის“ ახორციელებს. ენგურჰესის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, საკონცერტო სივრცეს და მსოფლიოში არსებულ სიდიდით მეორე ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე.
ამერიკული მხარე გაეცნო ენგურის ტურისტული ცენტრის პროექტს და მიმდინარე წლის ნოემბერში დაიგეგმა ჰუვერის კაშხლის ადმინისტრაციის ვიზიტი საქართველოში.
ჰუვერის კაშხალი მდინარე კოლორადოზე მდებარე ჰიდროტექნიკური ნაგებობაა, რომელიც არიზონასა და ნევადას შტატებს აკავშირებს. თაღოვანი კაშხლის სიმაღლე 221 მეტრია. ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე აქტიურადაა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჰუვერის კაშხლის ტურისტულ საიტს ყოველწლირად 8 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.