სიახლეები

სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგურს "სოლარ ფაუერ ჯორჯია“ ააშენებს

12.07.2018

სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით, 2018 წლის 23 მაისს გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს "სოლარ ფაუერ ჯორჯიამ" გაიმარჯვა. ინტერესთა გამოხატვის პირობების თანახმად, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" გამარჯვებულს, შპს "საქართველოს მზის კომპანიის" 100%–იანი წილიდან 90%–ს გადასცემს.

გამარჯვებულ ინვესტორთან უკვე გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება, რომლის პირობების შესაბამისადაც, ინვესტორმა 6 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მზის ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვის აღება.

რაც შეეხება პროექტის მახასიათებლებს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე მზის ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ. იქნება, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი - 6 900 000 კვტ.სთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 500 000 აშშ დოლარია.