სიახლეები

საერთაშორისო კონგრესი - „ჰიდროენერგეტიკა კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში 2019“

20.02.2019

საქართველოს აქვს საკმარისი პოტენციალი, გახდეს ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონული ჰაბი. ისეთი პატარა ენერგეტიკული ბაზრის მქონე ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, აუცილებელია ტრანსასაზღვრო ვაჭრობის განვითარება და ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობის გაზრდა,“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა საერთაშორისო კონგრესზე „ჰიდროენერგეტიკა კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში 2019“ პლენალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა სტუმრებს ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი, ფონდის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები გააცნო. გამოსვლაში ის ასევე შეეხო ენერგეტიკის სფეროში არსებულ ლიბერალურ საინვესტიციო კლიმატს და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებს. გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური ათვისება. სწორედ ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რაც თავის მხრივ გულისხმობს უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად, არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი.

გიორგი ჩიქოვანმა ყურადღება ასევე გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე, რომელიც „არსებითად დაახლოებს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორს ევროკავშირის სამიზნე მოდელთან და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, ასევე ადგილობრივ ბაზარს გახდის კიდევ უფრო ლიბერალურსა და კონკურენტუნარიანს“. მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროენერგიის ბირჟის ჩამოყალიბება

საერთაშორისო კონგრესს „ჰიდროენერგეტიკა კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში 2019“ 150-ზე მეტი უცხოელი ესწრება. ორდღიანი ფორუმის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ტრანსასაზღვრო ვაჭრობის განვითარების დადებითი მხარეები და ენერგეტიკის სექტორში, განსაკუთრებით კი ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელება.