სიახლეები

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს 200 კვტ დადგმული სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურის - ბიტეხი 1 ჰესის განხორციელებას

15.04.2019

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ შატილთან 200 კვტ დადგმული სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურის - ბიტეხი 1 ჰესის განხორციელებას.

მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარება ელექტროენერგიის მიწოდების კარგი საშუალებაა იმ რეგიონებისათვის, სადაც ენერგიის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეუძლებელია ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო.

შატილში უკვე არის ერთი მცირე ზომის ჰესი, რომელიც აშენებულია 1970-იან წლებში და 1995-ში ჩაუტარდა ელექტრო - მექანიკური ნაწილის რეაბილიტაცია. ჰესი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა. დღესდღეობით ორი აგრეგატიდან მუშაობს მხოლოდ ერთი, რომელსაც საპროექტო 130-დან მხოლოდ 50-60 კვტ სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია. აგრეგატი ამორტიზირებულია, შესაბამისად, ხშირად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
შატილის ელექტროენერგიის მიწოდების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდ“-ს დაევალა შატილში ახალი ბიტეხი 1 ჰესის პროექტის განვითარება.

ბიტეხი 1 ჰესის განხორციელება დაგეგმილია 2019 წელს (ჰესის ექსპლუატაციაში შეყვანის თარიღი ასევე დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე). პროექტის განხორციელება მოხდება ეტაპობრივად. პირველი ეტაპი მიზნად ისახავს საპროექტო სამუშაოებს, მეორე ეტაპი კი მშენებლობას. მესამე და მეოთხე ეტაპები ითხვალისწინებენ ჰესის პერსონალის ტრენინგს და ჰესის ექსპლუატაციაში შეყვანას.

მოცემული პროექტის განვითარება მნიშვნელოვან როლს შეიტანს რეგიონის განვითარებაში და ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგიის მომარაგებას გააუმჯობესებს, რაც აგრეთვე ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის და სხვა სექტორების განვითარებას.

ამ ეტაპზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს 200 kW სიმძლავრის ბიტეხი 1 ჰიდროელექტროსადგურის EPC/Turnkey განვითარების მიზნით, დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=301969&lang=ge