სიახლეები

შეხვედრა პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

22.04.2019

გიორგი ჩიქოვანი: „მინდა მოვუწოდო მოსახლეობას კონსტრუქციული დიალოგისკენ, რადგან ნებისმიერი ჰესის მშენებლობა არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროება“

„როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში საქართველოში, როდესაც დამოკიდებულნი ვიყავით სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე, ელექტრომომარაგებასა თუ გაზით მომარაგებაზე, რამდენჯერ, გაგვეთიშა ერთდროულად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. ჩვენთან შეჩერებულია ჰესების უდიდესი ნაწილის მშენებლობა და ვფიქრობ, მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რომ არ აშენდეს ჰესები. უმჯობესია, ჩვენ ვლაპარაკობდეთ, კონკრეტულად რომელ ადგილზე როგორი ჰესები აშენდეს, როგორ შევარბილოთ მისი გავლენა გარემოზე, მაგრამ „არ აშენდეს ჰესი“ - ეს არის მიუღებელი, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქცია და ეს არის ჩვენი დიდი გამოწვევა“ - ამი შესახებ განცხადება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა გააკეთა.

მისი ინფორმაციით, ინვესტორი უკვე ერთ წელზე მეტია მუშაობს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან, იყო საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრები, თუმცა, გიორგი ჩიქოვანის შეფასებით, გუშინ მოხდა პროვოკაცია. „ვფიქრობ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მიმაჩნია, რომ ეს არ არის გადაულახავი პრობლემა“ - აღნიშნა ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა.

გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 5-მეგავატიანი ჰესი არის აბსოლუტურად უსაფრთხო. „20 მეგავატიანი ჰესი რომ დგას ორთაჭალაში, ვინმე გრძნობს რაიმე ზიანს? თუ 5-მეგავატიანი ჰესი არის საფრთხის შემცველი, მაშინ უნდა დავანებოთ თავი ყველაფრის მშენებლობას, აღარ უნდა გამოვიყენოთ ელექტროენერგია და ვიცხოვროთ დენის გარეშე“ - განაცხადა ჩიქოვანმა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ კონსტრუქციულად წამოვიდეს დიალოგზე ინვესტორთან, სამთავრობო სტრუქტურებთან, რადგან ეს რომელიმე კომპანიის ბიზნესინტერესი კი არა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროებაა. მისი შეფასებით, კეთდება უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებები იმ ფონზე, როდესაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს.