სიახლეები

ქართლის ქარის ელექტროსადგური აუქციონის გზით კერძო ინვესტორზე გასხვისდა

18.11.2019

 

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100 პროცენტიანი წილი ღია აუქციონზე შპს „საქართველოს ქარის კომპანიაზე“ გაიყიდა.
ქარის ელექტროსადგური 14,4 მლნ აშშ დოლარად გასხვისდა. კერძო ინვესტორი ასევე დაფარავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხს 17,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც სადგურის მშენებლობისას წარმოიქმნა. ამდენად, პრივატიზების შედეგად მიღებულმა ჯამურმა სარგებელმა 31,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა. მშენებლობის საერთო ხარჯმა 31,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება კი 84,1 მილიონი კილოვატ საათია.
ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, რომელიც პრივატიზებამდე 6,89 აშშ დოლარცენტს შეადგენდა, მთავრობის გადაწყვეტილებით გაიაფდა. შედეგად, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი მას მხოლოდ 6,5 აშშ დოლარცენტად შეიძენს.
ქარის ელექტროსადგური პირველი მსგავსი პროექტია. ის, როგორც საპილოტე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით აშენდა, რითიც მაგალითი მისცა ინვესტორებს და ამით ხელი შეუწყო საქართველოში განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებას.
ქართლის ქარის ელექტროსადგურის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ქარის, მზის, ბიომასისა და სხვა განახლებადი ენერგიების ახალი პროექტების განვითარებას მოხმარდება.