სიახლეები

ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენცია

08.10.2020

გიორგი ჩიქოვანმა USAID ის ენერგეტიკის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა და მას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე განიხილეს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

გიორგი ჩიქოვანი: „ჩვენი მიზანია რომ მომდევნო წლებში, როდესაც მოხმარება ყოველწლიურად არსებული საპროგნოზო მონაცემებით საშუალოდ 5% ით გაიზრდება, სრულიად იქნეს დაკმაყოფილებული ადგილობრივი რესურსით. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგია ითვალისწინებს განახლებადი რესურსების მაქსიმალურ და ოპტიმალურ ათვისებას, რათა განახლებადი ენერგიების განვითარებით მოხდეს დამატებითი რეზერვების შექმნა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, 2020 წელს და მომდევნო წლებში მთავარ აქცენტს განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე გააკეთებს“. 

თავის გამოსვლაში, ფონდის დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლს და აღნიშნა რომ საქართველოში არსებული ჰიდრორესურსები და სხვა განახლებადი ენერგიის რესურსები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო საშუალებას იძლევა ქვეყანა სუფთა ენერგიის წარმოების და ამ ენერგიით ვაჭრობის რეგიონალურად ცენტრად იქცეს. გიორგი ჩიქოვანმა მიმოიხილა ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი, ენერგეტიკის სფეროში არსებული ლიბერალური საინვესტიციო კლიმატი, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოების პროცესში წინგადადგმული ნაბიჯები - კერძოდ, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ მიღებული კანონი, განახლებადი ენერგიების დამტკიცებული სამოქმედო გეგმა, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი განახლებადი ენერგიების პროექტები.