სიახლეები

კონფერენცია „დიდი კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“

19.10.2020

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 19 ოქტომბერს თბილისში დიდი კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემაზე კონფერენცია გამართა. ღონისძიებას სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ჰიდროინჟინერიის ექსპერტები, ჰიდროელექტროსადგურების დეველოპერი კომპანიებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის (ICOLD) ბიულეტენების („კაშხლის ზედამხედველობის ინსტრუქცია“ და “სეისმური პარამეტრების შერჩევა დიდი კაშხლებისთვის”) ქართული თარგმანი. ამასთანავე, მას საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა საქართველოს ბაზარზე კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში დანერგილ პრაქტიკას. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წარმოადგინა მოხსენება ჟინვალჰესის მონიტორინგისა და ადრეული განგაშის სისტემების შესახებ, შვეიცარიულმა კომპანია Stucky-მ კი - ქვედა ნამახვანი ჰესის კაშხლის დინამიურობის ანალიზი. მათ შორის, განხილული იყო ამ კაშხლის გამორჩეული სეისმომედეგობა.
„ჰიდროენერგეტიკის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, უმნიშვნელოვანესი, როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ეკონომიკის განვითარებისთვის. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, უმაღლეს დონეზე იყოს დაცული საერთაშორისო სტანდარტები, როგორც არსებული ენერგოობიექტების ექსპლუატაციის დროს, ასევე ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას. დღევანდელი კონფერენციის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაიზიარონ გამოცდილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს წარმატებით აქვთ დანერგილი, როგორც მონიტორინგისა და ადრეული განგაშის სისტემების, ასევე ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. წარმოდგენილია ასევე მიდგომები, ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკა ჰიდროტექნიკური ნაგებობების, კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა